საპატრულო პოლიციის მომსახურების ექსპრესფილიალები გურჯაანში
ქალაქ გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ორი ექსპრესფილიალი ამოქმედდა. უკვე დღეიდან მოქალაქეებს საშუალება ექნებათ "ერთი სარკმლის პრინციპით" მიიღონ 50- მდე საპოლიციო სერვისი. აღნიშნული ექსპრესფილიალები აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ელექტრონული ხელმოწერითა და ინფორმაციული ტექნოლოგიებით. ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები შსს მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან - ვაჟა სირაძესთან ერთად, გახსნა. მას ასევე, ესრებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ირაკლი შიოშვილი, შს სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ გურჯაანი პირველი ქალაქია, თბილისის და რუსთავის შემდეგ, სადაც მოქალაქეებს ექსპრესფილიალში საპოლიციო სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ. ექსპრესფილიალები ქვეყნის მასშტაბით იმოძრავებენ. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები ხელს შეუწყობს რეგიონებში სერვისების ხელმისაწდომობას და მიწოდების ეფექტიანობას.