სამუშაო შეხვედრა ატმის რეალიზაციის საკითხებზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ატმის გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს და ექსპორტიორებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდნენ და ამ მიმართულებით არსებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს, ასევე ხილის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჩუმლაყში ის სადისტრიბუციო ლოკაცია დაათვალიერეს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ატმის მოსავლის უსაფრთხო და შეუფერხებელი ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით შეირჩა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ქალაქ გურჯაანში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი, რომელიც ყველა წამოჭრილი საკითხის ოპერატიულად გადაჭრაზე იმუშავებს. გურჯაანში გამართულ სამუშაო შეხვედრას სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წელს, კახეთში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავალი 35 000 ტონას შეადგენს.