ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ქართული დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება

31 იანვარი, 2023

პარლამენტის წევრი, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი, ქეთევან დათუკიშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფებიან.

ვიზიტის მიზანს, ტოსკანას რეგიონის კომუნის - მონტეპულჩანოს და გურჯაანის მუნიციპალიტეტთან დამეგობრება და სამომავლო ურთიერთობების ჩამოყალიბება წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები ქ. ფლორენციაში სხვადასხვა ღვინის მარანს ესტუმრნენ და ადგილობრივი ღვინის წარმოებასა და მცირე მარნებს გაეცნენ, მოისმინეს ის გამოწვევები და თანამედროვე მიდგომები, რომელსაც მეღვინეობაში იყენებენ .

დღის ბოლოს, დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს სრულუფლებიან ელჩთან იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძესთან ერთად, ფლორენციაში საკვირაო სკოლას ესტუმრნენ და დიასპორის ბავშვებს ქართული წიგნები გადასცეს.

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები, ასევე შეხვდნენ ტოსკანას რეგიონის პრეზიდენტს ეუჯენიო ჯანის და ქალაქ მონტეპულჩანოს მერს მიკელე ანჯოლინის. შეხვედრისას, დელეგაციის მხრიდან გამოითქვა სრული მზადყოფნა ტოსკანასთან კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბების, სამომავლო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, როგორც ყველაზე პერსპექტიულ მიზნებს, პარტნიორობის ფორმების დასაწყებად.

პირველ ეტაპზე კი, ქალაქი გურჯაანი დაძმობილდება, ქალაქ მონტეპულჩანოსთან (სიენა), ენოლოგიის ერთ-ერთ „დედაქალაქთან“, თავისი vino Nobile-ით.

ტოსკანის პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას კავკასიის არეალში და აღნიშნა, რომ მიესალმება ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ასევე დაგეგმილია იტალიის სენატის წევრებთან.

 

გააზიარე