გურჯაანში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა
14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით გურჯაანში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ღონისძიება მოეწყო, რომელსაც გურჯაანის სპორტკომპლექსმა უმასპინძლა.
გაიმართა სპორტული შეჯიბრებები - მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდსა და გარბენში. ღონისძიებაში მონაწილეობა, ბენეფიციარებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა მიიღეს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ - ტატო გოდერძიშვილი, ნათია ქოროღლიშვილი და ფოლკლორული ანსამბლი “ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი გურჯაანი“.
თითოეულ ბენეფიციარს სპეციალური სიგელები და მაისურები წარწერით - "ერთად სიხარულისთვის" გადაეცათ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ორგანიზატორები ბენეფიციარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ "გურჯაანის კულტურის ცენტრის" და ა(ა)იპ "გურჯაანის სპორტკომპლექსის" ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილის ბიუროს უფროსი - გოგი მაჩხაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა. ამ დღის მიზანია, შშმ პირების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.