გურჯაანში, დებატების რეგიონული ტურნირი გაიმართა
10-11 ივნისს, გურჯაანში, დებატების რეგიონული ტურნირი გაიმართა. ორდღიან ტურნირს სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლამ უმასპინძლა.
მასშტაბური რეგიონული ტურნირი სწორედ გურჯაანის მუნიციპალიტეტში იღებს სტარტს, სადაც პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში ყველაზე მეტი მონაწილე არის ჩართული.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს როგორც აღნიშნულ პროექტში ჩართულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის დებატკლუბების წევრებმა, ასევე დებატების საგნის მასწავლებლებმა.
დებატების ტურნირი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო წელს დებატები დაინერგა, როგორც არჩევითი საგანი, საქართველოს 20 სხვადასხვა სკოლაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საიდანაც 13 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაა.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.