გურჯაანქალაქობა 2016
26 ნოემბერს, კურორტ ახტალის ტერიტორიაზე „გურჯაანქალაქობის“ ტრადიციული დღესასწაული გაიმართა. ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყო. გაიმართა შეჯიბრი სპორტის ოთხ სახეობაში: სთრითბოლში, მკლავჭიდში, ჭადრაკსა და ჭიდაობაში. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით. მოეწყო ფოტო-გამოფენა „ძველი გურჯაანი“. დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა ფერწერული ტილოებისა და ზიარ-ფხოველში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტების გამოფენა. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საწარმოებისა და საოჯახო მარნების მიერ წარმოებული პროდუქცია. გურჯაანქალაქობის დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდა კონცერტი, სადაც ადგილობრივი შემსრულებლების გარდა, მონაწილეობას იღებდნენ მომღერალი ნატო გელაშვილი და მისი მეგობრები. ფესტივალ „შემოდგომის ფერებში“ გამარჯვებულ კონკურსანტებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ოცდახუთი გურჯაანელი პირველკურსელი, ერთჯერადი ფულადი თანხით დაჯილდოვდა. ტრადიციულად გაიმართა გურჯაანის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით, საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: - გიორგი პეტრიაშვილი -ექიმი - ოფთალმოლოგი - ილია გაბიტაშვილი - არქიტექტორი - ნელი იაკობიშვილი - დამსახურებული პედაგოგი - გიორგი ქიტესაშვილი - მოჭადრაკე - გურამ მამუკაშვილი - გეოლოგი - პავლო ტკაჩუკი -უკრაინელი გენერალი, უკრაინის ეროვნული სამხედრო აკადემიის რექტორი. პავლო ტკაჩუკის საპატიო მოქალაქის მოწმობა საქართველოში უკრაინის სამხედრო ატაშეს, გენერალ იგორ ოსტაპენკოს გადაეცა. - ნუნუ დუღაშვილი - ცნობილი კომპოზიტორი „გურჯაანქალაქობის“ დღესასწაულზე სტუმრად იმყოფებოდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები და უცხოელი სტუმრები. ხელი მოეწერა ლიტვის რესპუბლიკის პაკრუოისის მუნიციპალიტეტსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტს შორის დასადები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს გურჯაანსა და პაკრუოისს შორის ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ სფეროში თანამშრომლობას.