ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

17 ივნისი, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 ატმის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს და ფერმერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, კახეთის მხარის რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან ერთად შეხვდა.

როგორც შეხვედრიდან გახდა ცნობილი, ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთელი სეზონის განმავლობაში, სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის, ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს.

შეხვედრის შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახეთის მხარის რწმუნებულმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა სამაცივრე ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სამაცივრე მეურნეობების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მოსავლის დაბინავების პროცესში 36 სამაცივრე იქნება ჩართული.

 

 

გააზიარე