გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება რუსთავი 2-ს გადაცემა “P.S”-ში გასულ სიუჟეტს, ქ. გურჯაანის აგრარული ბაზრის მშენებლობასთან დაკავშირებით
1. საკუთრების უფლება - მერია არ გასცემს უფლებას საკუთრების შესახებ. მერიის უფლებამოსილებაა გასცეს ან არ გასცეს ნებართვა მშენებლობასა და დემონტაჟზე;
2. შესაბამისი დოკუმენტაცია - შპს “გლეხურმა ბაზარმა” წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის მონაცემები ითვლება უტყუარად, მანამ, სანამ არ დამტკიცდება საპირისპირო);
3. სხვა მესაკუთრეების ტერიტორიაზე მშენებლობა - სხვა მესაკუთრეების ფართები მდებარეობს, დაგეგმილი მშენებლობის წითელი ხაზების გარეთ.
გამომდინარე იქიდან, რომ მერია ვალდებულია გაითვალისწინოს მოსახლეობის ინტერესები, რომ მათ ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზარი. მერია ყოველთვის იყო ჩართული, როგორც მესამე პირი, აგრარული ბაზრის რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებში, იმისთვის რომ გურჯაანელებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო უსაფრთხო, ყველანაირი სანიტარული ნორმებით დაცული აგრარული ბაზარი და არა პირიქით, კრიტიკული შეუსაბამობების მქონე, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბევრჯერ იქნა დაჯარიმებული.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მაქსიმალურად დაიცვა და გაითვალისწინა მოვაჭრეების ინტერესები, შეუქმნა მათ ალტერნატიული პირობები ვაჭრობისთვის (ბაზრის რეაბილიტაციის პერიოდში) და, ამასთანავე, იზრუნა იმაზე, რომ ძალიან მალე, გურჯაანის მუნიციპალიტეტს ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სუფთა, მოწესრიგებული და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული აგრარული ბაზარი, თითოეული მოვაჭრის კანონიერი ინტერესების დაცვისა და უფლებების შელახვის გარეშე.