ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

26 მაისს, დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი, ქალაქ გურჯაანის ცენტრალურ პარკში აღინიშნა

10 ივნისი, 2019

 26 მაისს, დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი, ქალაქ გურჯაანის ცენტრალურ პარკში აღინიშნა.ღონისძიება, ჩოხოსანი ცხენოსნების მსვლელობით დაიწყო, ხოლო სტუმრებს, ძველი ქართული კინოფილმების პერსონაჟებმა უმასპინძლეს.

 პარკის ტერიტორიაზე, ღვინოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, დამოუკიდებლობის თემაზე შექმნილი ფოტო-გამოფენა, ვაჩნაძიანის გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმში დაცული შემდეგი ექსპონატების გამოფენა მიმდინარეობდა: ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, „წყალობის სიგელი“, ჯანდიერისეული ნივთები, მოვერცხლილი ხანჯალი, ზატიკი, არქეოლოგიის სტენდი, პარაკლიტონი და სხვა.

შალიკაშვილების სახელობის ქართულ სამხედრო მუზეუმის ეზოში კი ელენე მაცხონაშვილისა და ნინო პაპიაშვილის მიერ დადგმული წარმოდგენა „გააგრძელე, ისტორია…“ გაიმართა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქვეყნის ევროპულ არჩევანს ეხებოდა. სპექტაკლში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ილია ჭავჭავაძის, გრიგოლ ფერაძის, გიორგი კვინიტაძის, კოტე აფხაზისა და სამი თაობის შალიკაშვილების ისტორია ერთი მთავარი იდეისთვის იყო გაერთიანებული – ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ბრძოლისთვის.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ექსპერტმა ნატოსა და ევროკავშირის საკითხებში ვასილ კაჭარავამ, ლექცია წაიკითხა თემაზე „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა“, რომელიც სპეციალურად, დამოუკიდებლობის დღისთვის იქნა მოწვეული.

სადღესასწაულო ღონისძიებები, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გამართული კონცერტით გაგრძელდა.

ღონისძიებებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ოჯახთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა ორგანიზებით გაიმართა.

გააზიარე