ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

2-3 მარტს გურჯაანი საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიულ კონგრესს უმასპინძლებს

15 თებერვალი, 2024

2-3 მარტს, გურჯაანი 2024 წლის მთავარ კულინარიულ მოვლენას - საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიულ კონგრესს - “Culinary Connection Euskadi-Georgia” მასპინძლობს.

 კონგრესის ფარგლებში, რომელიც კაჭრეთის “ამბასადორში” გაიმართება, მოეწყობა პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები გაუძღვებიან. ღონისძიება 250-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს.

ბასკეთის კულინარიული ცენტრის წარმომადგენლები, ბასკი შეფები და სომელიები იმოგზაურებენ კახეთში, სადაც, ქართველ შეფებთან ერთად, დააგემოვნებენ ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს

 ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი, მიზნად ისახავს არა მხოლოდ კულინარიულ ოსტატობის, არამედ - ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ გურჯაანში სწორედ ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით, შენდება გასტრონომიული მიმართულების აკადემია, რომელიც პირველ სტუდენტებს 2025 წელს მიიღებს. ამიერკავკასიის რეგიონში ამ მასშტაბის კულინარიული აკადემია პირველია, რომელსაც საერთაშორისო სტატუსი ექნება.

გასტრონომიული კონგრესი ბასკეთის კულინარიული ცენტრის, Mantala-ს და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ბასკეთის მთავრობა.

გააზიარე