ქალაქ გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე, “გურჯაანის ურბანული ფესტივალი” დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე, “გურჯაანის ურბანული ფესტივალი” დაიწყო.
პროექტი გურჯაანის ღვინის ფესტივალის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია გურჯაანი გახდეს ტურისტებისთვის მიზიდულობის ცენტრი, განვითარდეს ურბანული მხატვრობის კულტურა და გურჯაანის იმიჯის პოზიციონირება მოხდეს როგორც მეღვინეობის ქალაქი მსოფლიოს ქუჩის რუკაზე.
ფესტივალი, რომელიც წელს მეღვინეობის და ღვინის კულტურის ტრადიციას ეხება, ხელს შეუწყობს და საფუძველს ჩაუყრის თანამედროვე ქუჩის ხელოვნების განვითარებას გურჯაანში და ქალაქს მისცემს შესაძლებლობას გააჩინოს ახალი ტურისტული მარშრუტები და ტურები ქუჩის ხელოვნების მოყვარულთათვის.
გურჯაანის ურბანული ფესტივალი გამორჩეულია იმითაც, რომ მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე სხვადასხვა ეროვნების მხატვრები.
აღნიშნული პროექტი 3 საერთო საცხოვრებლის ფასადის მოხატვას გულისხმობს, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.