გუშინ მოსულმა სეტყვამ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში დილიდან მიმდინარეობს სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა. მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფები ადგილზე ეცნობიან ვითარებას. ადგილზე იმყოფებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, რომელიც სტიქიით დაზარალებულ მოსახლობას შეხვდა.
გუშინ მოსულმა სეტყვამ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. დაისეტყვა სასოფლო - სამეურნეო სავარგულების ნაწილი.
" გუშინ საღამოს გურჯაანში მოსულმა სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. "დელტას" მიერ მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ სეტყვასაშიში ღრუბლების გასანეიტრალებლად აქტიურად მუშაობდა დანადგარები. რომ არა ეს, ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა, მაგრამ მოხერხდა და დროულად მოხდა სეტყვასაშიში ღრუბლის დამუშავება, რომელიც შესაძლებელია მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულიყო. თუმცა, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ჩუმლაყსა და ახაშენში ვერ მოხერხდა სეტყვასაშიში ღრუბლების დამუშავება და გარკვეული ტერიტორიები დაისეტყვა. რაც შეეხება ზარალის ზუსტ ოდენობას დილიდან გასულია სამუშაო ჯგუფი და მუშაობს.
ფერმერები წლებია, ამ სეზონზე, ბუნებრივი სტიქიური მოვლენებისგან ზარალის თავიდან ასაცილებლად მიმართავენ სახელმწიფო პროგრამას, აგროდაზღვევას, რადგან დაზღვევა არის ერთადერთი ბერკეტი მოსავლის საფრთხისგან დასაცავად. " - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი.