ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, სოფლის ექიმებთან შეხვედრა გაიმართა
ქალაქ გურჯაანში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებმა და იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ, სამედიცინო სფეროს ადგილობრივ წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დაკომპლექტებულმა სპეციალისტთა ჯგუფმა ადგილობრივ მედიკოსებს ვაქცინაციის პროცესის უსაფრთხოდ და კვალიფიციურად წარმართვისთვის საჭირო ინსტრუქტაჟი ჩაუატარა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი პირველია, სადაც ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის ნებაყოფლობითი ვაქცინაციის გასაფართოებლად სპეციალური ღონისძიებები ტარდება და მოსახლეობის აცრაზე ხელმისაწვდომობა უპრეცედენტოდ გამარტივებულია.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის სოფლის ამბულატორიებში, მედპერსონალი ვაქცინაციის მსურველებს ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინის შემადგენლობისა თუ ეფექტურობის შესახებ მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას, რის შემდეგაც ადგილობრივებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეეძლებათ.
ვაქცინაციის მარათონი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ არის ორგანიზებული, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
#მერიახალხისსამსახურში