ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

2020 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება

5 თებერვალი, 2020

 ''თანამშრომლებთან ერთად, ქალაქ გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახლადაშენებული შენობა მოვინახულე, რომელიც სულ მალე გაიხსნება. ამ დროისთვის ააიპ "მუნიციპალური სერვისი" კი მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებს. სამშენებლო სამუშაოებზე 320 000 ლარამდე დაიხარჯა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი აშენდა სოფელ კაჭრეთშიც.  მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ 2019 წელი, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ძალიან წარმატებული იყო ჩვენთვის. გურჯაანი საქართველოს მასშტაბით, მეექვსე ადგილზეა განხორციელებული პროექტების მიხედვით.  ჩვენს მუნიციპალიტეტში 19 მილიონამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები განვარხორციელეთ, როგორიცაა 8 ამბულატორიის რეაბილიტაცია და სოფელ ახაშენში ახალი ამბულატორიის მშენებლობა, 5 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები, საგზაო სამუშაოები და სხვა. ჯამში, გასულ წელს, მუნიციპალიტეტში 110 - მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის მასშტაბური პროექტები, რომელიც 2019 წელს დაიწყო: ქალაქ გურჯაანში ტექნოპარკის და ინოვაციების რეგიონული ცენტრის მშენებლობა, ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა და სხვა. მიუხედავად ასეთი მასშტაბური სამუშაოებისა, რა თქმა უნდა რჩება გამოწვევები, რომლის მოგვარებისთვისაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა, ნაწილი სოფლების წყალმომარაგება, რაც 2020 წელს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. წელს, ჩვენს მუნიციპალიტეტში, წყალმომარაგების მიმართულებით 3.5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები განხორციელდება, რომელზეც ტენდერები უკვე გამოცხადებულია და მალე სამუშაოებიც დაიწყება. აქედან, 800 000 ლარამდე ღირებულების სამუშაოები მხოლოდ კარდენახში შესრულდება. ასევე მასშტაბური პროექტი განხორციელდება სოფელ ვეჯინშიც, რომელზეც 500 000 ლარამდე დაიხარჯება და სხვა. წყალმომარაგების პარალელურად ტენდერებია გამოცხადებული საგზაო სამუშაოებზეც, ჯამში 28 მასშტაბურ პროექტზე.  ასე რომ, ჩვენ ვგეგმავთ, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით, 2020 წელსაც ვიყოთ პირველები არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საქართველოს მასშტაბით.''- გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი.

გააზიარე