საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გურჯაანში შეხვედრა გამართა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო სამეურნეო აღწერის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულებიდან.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ინფორმირებას აღწერის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრისას გოგიტა თოდრაძემ დეტალურად ისაუბრა აღწერის მიზნებისა და ამოცანების, აღწერის ჩატარების თარიღის, მონაცემთა შეგროვების მეთოდების, მეთოდოლოგიისა და კითხვარის შინაარსის შესახებ.
საქართველოში მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.
აღწერა 2 ეტაპს მოიცავს:
პირველი ეტაპი: 14-23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მოსახლეობის თვითრეგისტრაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეები თავად, საქსტატის პერსონალის დახმარების გარეშე, შეავსებენ აღწერის კითხვარებს წინასწარ მომზადებულ ვებ-პლატფორმაზე.
მეორე ეტაპი: 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით კი, საქსტატის მიერ მომზადებული 11 000 -მდე საველე პერსონალი სპეციალური კითხვარების მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით კარდაკარ გამოკითხავენ მოსახლეობას.
ამასთან, რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერასთან ერთან დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.
აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის ივნისში.
აღწერის შედეგად მოპოვებულ იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მისი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების სტატუსის და განათლების დონის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საბინაო პირობების შესახებ.