გურჯაანს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სტუმრობდა
გურჯაანს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი სტუმრობდნენ.
დელეგაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდნენ და ინდუსტრიული უბნის ბაკურციხის შემოვლით გზასთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 3 კმ-მდე სიგრძის გზა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას, 40-ზე მეტ სამაცივრე მეურნეობას, ექსპორტიორებს და ხილის მწარმოებლებს გაუადვილებს გადაადგილებას, შეამცირებს დროს და ტრანსპორტირების ხარჯებს. პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება და მისი ღირებულება 1 879 999 ლარია.
გზის სამუშაოების მონახულების შემდეგ, სტუმრები სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობასაც ესტუმრნენ და ხილის მწარმოებლებს შეხვდნენ. მათთან ერთად, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი და არსებული შესაძლებლობები განიხილეს.
ვიზიტის დასასრულს კი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ქალაქ გურჯაანში ტექნოპარკში ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მეწარმეებისთვის PIRDP-ის ფარგლებში გამოცხადებული ბიზნესის ხელშემწყობი საგრანტო პროექტების და ახალი შესაძლებლობების წარდგენა მოხდა.