ქალაქ გურჯაანში ტექნოპარკის რეგიონული ინოვაციების ცენტრი გაიხსნა.
ტექნოპარკის გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გურჯაანის ტექნოპარკის შენობა ორსართულიანია, სადაც განთავსებულია სამუშაო და სასწავლო ოთახები, საკონფერენციო და სამუშაო სივრცე. მოწყობილია ღია ტერასა და ეზო. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ტექნოპარკი მსოფლიო ბანკის პროექტია, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის განხორციელებაზე 2.4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.