ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯანმა მევენახეთა კონფერენციას უკვე მეორედ უმასპინძლა

6 მარტი, 2020

გურჯაანმა, მეღვინეობის მუნიციპალიტეტმა მევენახეთა კონფერენციას უკვე მეორედ უმასპინძლა. კონფერენციის მთავარ თემას - „მევენახეობის თანამედროვე პრობლემები“ წარმოადგენდა. „მევენახეთა კონფერენცია - 2020“ გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ გახსნეს. კონფერენცია ორ პანელად გაიმართა და აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა თემით 8 მომხსენებელი წარდგა. კონფერენციის სტუმრებმა საინტერესო მოხსენებები მოისმინეს თემებზე : "ვენახის გაშენებიდან ღვინის მარკეტინგამდე", "საინფორმაციო სისტემა მევენახეობაში", "ქვევრის ღვინის უპირატესობები მსოფლიო ბაზარზე", "ბიო მევენახეობა", "ჯიშური მრავალფეროვნება, როგორც პერსპექტივა მევენახეობის განვითარებაში", "მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით" და "აგრო დაზღვევის პროგრამა".  კონფერენციის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ღვინის და ვაზის თემატიკასთან დაკავშირებული ექსპოზიციები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული უნიკალური მასალა ვაზისა და ღვინის შესახებ.  მოეწყო ღვინის დეგუსტაცია და ქვევრის გახსნის სიმბოლური ცერემონიალი. კონფერენციის ფარგლებში კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს დავით სონღულაშვილს, საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ხატია წილოსანს და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ლევან მეხუზლას სიმბოლური საჩუქრები - ცენტრში დაცული ვაზთან და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უნიკალური ხელნაწერების ასლები გადასცა. ასევე, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ ქვევრში ღვინის დაყენების 200 წლიანი ისტორიის მქონე უძველესი საწარმო "შატო ზეგაანი" და საქართველოს მასშტაბით პირველი ღვინის ჩამომსხმელი ქარხანა, რომელიც დღემდე აგრძელებს წარმოებას "გურჯაანი 1929". ასევე, სპეციალური დიპლომი "ამაგდარი მეღვინე" გადაეცა ბითარი ბიწკინაშვილს და "ამაგდარი მევენახის" დიპლომი კი იოსებ ნატროშვილს.  მევენახეთა კონფერენციას აღმასრულებელი, საკანონმდებლო, თვითმმართველობის წარმომადგენლები და მევენახეები ესრებოდნენ. პროექტი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“, ა(ა)იპ „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“, სსიპ „აწარმოე საქართველოში“, შპს „აგრომოტორსისა“ და შპს „აგროტექნოს“ მხარდაჭერით განხორციელდა. მომავალი წლიდან მეღვინეობის მუნიციპლიტეტი კიდევ ერთ მასშტაბურ ღონისძიებას "ექსპო კახეთს " უმასპინძლებს.

გააზიარე