გურჯაანში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა
გურჯაანში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა.
ღონისძიებას გურჯაანის სპორტკომპლექსმა უმასპინძლა, სადაც გაიმართა სპორტული შეჯიბრებები - მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდსა და გარბენში. ღონისძიებაში მონაწილეობა, ბენეფიციარებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა მიიღო.
„ ვფიქრობ, ძალიან კარგი და სახალისო დღე მოვუწყვეთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიების გამართვა და მათი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას და სოციალიზაციას. “ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ - ტატო გოდერძიშვილი, ნათია ქოროღლიშვილი და ფოლკლორული ანსამბლი “ხარება“. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ თითოეული ბენეფიციარი სასაჩუქრე ნაკრებით დაასაჩუქრა. კომპანია „გურჯაანის ნაყინი“ კი, ღონისძიების მონაწილეებს, ტრადიციულად, ნაყინით გაუმასპინძლდა.
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა. ამ დღის მიზანია, შშმ პირების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.