ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

დებატკლუბების პროექტის დასკვნითი ღონისძიება

12 ივლისი, 2019

12 ივლისს, გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში „დებატკლუბების" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.  საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ აუდიტორიას პროექტის მიმდინარეობის ანგარიში წარუდგინა და იმ მნიშვნელოვან წარმატებებზე ისაუბრა, რომელსაც გურჯაანელმა მოდებატეებმა მიაღწიეს. დებატკლუბის წევრებმა, მათი პროექტში ჩართულობის, აქტიურობისა და მომზადების მაღალი დონით, უკვე შეძლეს მიეღოთ მონაწილეობა საქართველოს დებატების ეროვნულ ტურნირში (#ნუცასტურნირი) სადაც, აღმოსავლეთ საქართველოს წარმოადგენდნენ - ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო, ახაშენის, კაჭრეთის, მუკუზნის, სოფელ გურჯაანის, მელაანის და ქ. გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის დებატკლუბების მოსწავლეები. მათ წარმატებულად იდებატეს, სხვა ძალიან გამოცდილ მოსწავლეებთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით და 10 საუკეთესო მოდებატეთა შორის მოხვდნენ - სოფელ კაჭრეთის, მუკუზნის და ქ. გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები.  განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქ. გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე - ანა სოსებაშვილი, მუკუზნის საჯარო სკოლის მოსწავლე - ლიკა ხაჩიშვილი და კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლე - მარი ბეროშვილი სლოვაკეთში დებატების საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ და 10 ქართველ წარმატებულ მოდებატეთა შორის იქნებიან.  დასკვნით ღონისძიებაზე, წარმატებული ახალგაზრდა მოდებატეები და პროექტის მონაწილეები, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოა. პროექტში ჩართული ყველა მონაწილისათვის (დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები) სხვადასხვა მიღწევისა და წარმატების მიხედვით, სულ 250-ზე მეტი სერთიფიკატი გაიცა.  პროექტის დასკვნით ღონისძიებას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლელა თევდორაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, პროექტში მონაწილე სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მოდებატე მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ,რომ გურჯაანში დებატკლუბების პროექტი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის მიზანსაც მომავალი თაობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ორატორული უნარების განვითარება, მუნიციპალიტეტის განვითარებაში მათი აქტიური ჩართულობა და ადვოკატირების სწავლება წარმოადგენდა.

გააზიარე