ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელი

 სოფელ გურჯაანს უძველესი ისტორია აქვს, რომელსაც 2001 წელს აღმოჩენილი ანტიკური ხანის ქვევრსამარხები და ბრინჯაოს ინვენტარი მოწმობს.

 ისტორიულ წყაროებში (ჭერმის სიგელ-გუჯარში) კი სოფელი გურჯაანი XVII – XVIII საუკუნეებიდან მოიხსენიება.

 ქართველი მეცნიერი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში - “აღწერა სამეფოსა საქართველოსი” სოფელ გურჯაანის შესახებ წერდა :
“ჭანდრის ჩრდილოეთით კერძოდ, წყლის კიდეზე არს ეკლესია დიდი ორგუმბათიანი, “ღვთისმშობლის” მიცვალებისა, კეთილშენი, მშვენიერს ადგილას. აქაც იტყვიან ყოფასა მონაზონთასა და აწცა არიან, უზის წინამძღვარი და აქვთ სასაფლაო ენისელთ მოურავიანთა.”
ისტორიული წყაროებით, XIX საუკუნის ბოლოს სოფელი გურჯაანი სიღნაღის მაზრაში შედიოდა და დაყოფილი იყო - კოტეხის, ნათლისმცემლის, კოლოუბნის, ხევის, სახასოს, და ზემო უბნებად.

 1927 წელს სიღნაღისა და თელავის მაზრების გაერთიანების შემდეგ კი სოფელი გურჯაანი კახეთის ოლქის მთავარი ცენტრი გახდა. 1934 წელს, ოლქის დაშლის შემდეგ, სოფელ გურჯაანს გამოეყო ქალაქი გურჯაანი. სოფლის ცენტრს ხევისუბანი წარმოადგენდა. იქ ეწყობოდა დიდი ბაზრობები სადაც, ვაჭრები კახეთის ყველა კუთხიდან იყრიდნენ თავს.

 1875 წელს სოფელში ორკლასიანი სასწავლებელი გაიხსნა, რომელიც მალე ე.წ. “სახალხო სასწავლებლად” გადაკეთდა. უფასო სკოლა ანდრონიკაშვილების კუთვნილ შენობაში იყო განთავსებული, რომელიც მღვდელმა ლოანმა გახსნა. 1895 წელს კი დაარსდა სახასოს ოთხკლასიანი სკოლა.

სოფელი გურჯაანი მდიდარია არქიტექტურილი ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია ყველაწმინდის ორგუმბათიანი ტაძარი (VIII-IXსს), რომელიც ერთადერთია მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში. ასევე, მნიშვნელოვანი ძეგლებია - ქაშუეთის წმინდა გიორგის სახ. გუმბათიანი ეკლესია (გვ. შუა საუკ), ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (გვ შუა საუკ), კვირაცხოვლის და მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესიები.

გააზიარე