ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელი

ისტორიული სოფელი ჭერემი გომბორის ქედის ჩრდილო აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ჭერმისხევის მარხცხენა ნაპირზე მდებარეობს.

 ნაქალაქარი ჭერემი, რომელიც ვახტანგ გორგასალმა დააარსა, თავისი უძველესი ისტორიული წარსულით, გეოგრაფიული მდებარეობითა და კულტურული მემკვიდერობის ძეგლებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილია, რომლის ტურისტული მიზიდულობის ცენტრად ქცევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

სოფელი მოხსენიებულია ისტორიულ წყაროებში: ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“, ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები, იოანე ბაგრატიონი „ქართლ-კახეთის აღწერა“ .

 არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, ჭერემი ორი სხვადასხვა პერიოდის ქალაქი უნდა ყოფილიყო. ჭერემის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო III საუკუნის II ნახევრის ქალაქური ტიპის დასახლება და III-VII საუკუნეების სამაროვანი და შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი ჭერემი, რომელიც ახლანდელი ჭერემიდან დასავლეთით, 5 კმ-ზე მდებარეობს. ისტორიული წყაროების ცნობით - "ჭერემი იყო ქალაქი, სადაცა აღაშენა გორგასალმა ეკლესია დიდშენი და ქალაქი მყარი და დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი შიგნით კახეთისა". ის მეფე ვახტანგ გორგასალს V საუკუნის მეორე ნახევარში დაუარსებია და ტახტის მემკვიდრე დაჩისთვის უბოძებია (ჯუანშერი – ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა”).

 როგორც ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი, ამავე პერიოდში დაარსდა ჭერმის საეპისკოპოსო ეპარქია და ჭერემი კახეთის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად იქცა, რასაც ხელი შეუწყო მისმა ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. ჭერემზე გადიოდა შიდა და გარე კახეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა, ველისციხე-ჭერემი-ჩაილური, რომლის აღდგენაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

 V საუკუნის ბოლოს (502 წელს) სპარსელებმა შემუსრეს ქალაქი ჭერემი და მან დაკარგა პოლიტიკური ცენტრის სტატუსი და მე-18 საუკუნის მეორე ნახევრამდე მხოლოდ რელიგიური ცენტრის როლს ასრულებდა.

 1757 წელს, დაღესტნელი ფეოდალების მიერ სოფლის დარბევის შემდეგ, საჭერემლო ეპარქია გაუქმდა, მისი მამულები ალავერდის, ბოდბისა და ნინოწმინდის საეპოსკოპოსოებს დაუნაწილდა.

ჭერემი მდიდარია ისტორიული ძეგლებით, რომელთაგან აღსანიშნავია: ვახტანგ გორგასლის სასახლე, რომელიც 1984-85 წლებშია აღმოჩენილია. ასევე ღვთისმშობლის სახელობის გრანდიოზული საეპისკოპოსო ტაძარი (X-Iსს), ეპისკოპოსის სასახლე (VIII-IXსს.), წვეროდაბლის თელეთის წმინდა გიორგის სახელობის (V), წმინდა ბარბარეს (V.) და მამადავითის ეკლესიები (V.)

ჭერემი ქალაქ გურჯაანიდან 28 კმ-ით არის დაშორებული.

გააზიარე