ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელი

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაჩნაძიანი ისტორიულ წყაროებში მე-19 საუკუნიდან ჩნდება. სოფლის სახელი კი თავად ვაჩნაძეების გვარიდან მომდინარეობს. XVI საუკუნიდან სოფელში დასახლდნენ თავადი ვაჩნაძეები. ეს გვარი ჯერ კიდევ XIV საუკუნის წყაროებშია მოხსენიებულია. რუსუდან მეფეს (XIIIს) სავაზიროში შეუყვანია ვინმე ვაჩნაძე. ასევე ერთ-ერთ საბუთში იხსენიება იოსებ ვაჩნაძე, დამწერი საკათალიკოსო მამულების გარიგების. სოფელს ისტორიული სახელი 1990 წელს დაუბრუნდა, მანამდე მოიხსენიებოდა, როგორც შრომა.

 ვაჩნაძიანი გამორჩეულია სამკურნალო ბუნებრივი წყაროებით როგორებიცაა “კუდას წყარო” და ტბა "დიდწურბელა", რომელიც სოფლიდან 7 კილომეტრზე, პატარა ქვაბულში მდებარეობს.

 აღნიშნული ტბა გამდინარეა, რომელშიც მიწის წიაღიდან გოგირდოვანი წყალი ამოდის და იქ დიდი რაოდენობით წურბელა ბინადრობს. ძველად, ამ ტბიდან ამოჰყავდათ წურბელები და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ იყენებდნენ. ტბაში მცირე აზიური ტრიტონი ბინადრობს, რომელიც გადაშენების პირასაა. ასევე, მრავლადაა წყლის კუც. ამ ტბის მახლობლად გამოქვაბულია, რომელიც სტალაქტიდებით და სტალაგმიტებით გამოირჩევა.

 სოფელს აკრავს განგიურისა და ბაღანის ულამაზესი ტყეები, სადაც აღმოჩენილია ნასახლარები, საწნახელები, ქვევრები და ა.შ. იმ ადგილს, სადაც ტყე იწყება, “პავილიონს” უწოდებენ, საიდანც თითქმის მთელი კახეთი მოჩანს.

 ვაჩნაძიანი გამოირჩევა ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების სიმრავლითაც. დღემდე სოფელში 34 ძეგლი და ძეგლის ფრაგმენტია შემორჩენილია, რომლებიც სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება, საიდანაც 19 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.

 სოფლის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლებია: “ამიდასტური” – წმინდა გიორგის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკა (VI-VIIსს). გადმოცემით, ქრისტიანობამდე ამ ეზოში წარმართული კერპი მდგარა, რომელიც შემდეგ ადგილობრივებს დაუნგრევიათ და ქრისტიანობის დასტურად მის ადგილას მცირე ეკლესია აუგიათ, რომლის ნანგრევებიც შემორჩენილია, სახელი „ამიდასიტურიც“ აქედან მოდის. ასევე,მნიშვნელოვანი ძეგლებია: ყველაწმინდის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი (IXს), “უსანეთის” (განვ. შუა საუკ.) “გომართის” (გვ. შუა საუკ.), “მამა-შაურის” დარბაზული (ადრე შუა საუკ), “ღვთისმშობლის” (გვ. შუა საუკ.), “ზურიას” (გვ. შუა საუკ), მეგრელიანთ საგვარეულო (გვ.შუა საუკ.), “ქაშუეთის” (ხელახლა აღდგენილი), წმინდა მარიამის სახელობის ე.წ. “ყვავის საყდარი”, რომლებიც განეკუთვნება XVII-XVIII სს. (შუა საუკ.) და “გუჯიაური”, სადაც სამი ციხე-კოშკია შემორჩენილი.

 საერო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია “პალატები” (სასახლე), რომელიც VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება. მეცნიერთა ვარაუდით, შესაძლებელია, რომ “პალატები” შუა საუკუნეების სამონასტრო სკოლას წარმოადგენდა. არსებობს თქმულება იმის შესახებაც, რომ “პალატებში” მიიღო განათლება თამარ მეფის ეპოქის ცნობილმა პოეტმა გრ. ჩახრუხაძემ.

 სოფელში ასევე, მდებარეობს გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი, სადაც მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალები და ექსპონატები ინახება.

 ვაჩნაძიანი ქალაქ გურჯაანიდან 18 კმ-ით არის დაშორებული.

გააზიარე