ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელი

 სოფელი ვაზისუბანი ადრეფეოდალურ ხანაში მჭიდროდ დასახლებული მნიშვნელოვანი საეკლესიო და სავაჭრო ცენტრი ყოფილა.

 ისტორიულ წყაროებში სოფელი “ურიათუბნის” სახელით არის მოხსენებული. სოფელს თავიანთ ჩანაწერებში იხსენიებენ გერმანელი მეცნიერი იოჰან-ანტონ გიულდენშტედტი, ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები.

 სოფელი ვაზისუბანი ბევრი კუთხით არის გამორჩეული, მათ შორის ტურისტული თვალსაზრისით. „ვაზისუბნის მამულს“, რომელიც, სულ მალე, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი გახდება მეღვინეობის მუნიციპალიტეტსა და მთელს კახეთის რეგიონში, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, თავადმა სულხან ჭავჭავაძემ ჩაუყარა საფუძველი, რომლის უმთავრესი საქმე და გატაცება მევენახეობა-მეღვინეობა იყო.

 ვაზისუბნის მეორე განსაკუთრებული მხარე ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლებია.

 სოფლის ისტორიულ არქეოლოგიური ძეგლებიდან განსაკუთრებით გამორჩეულია სანაგირის მონასტერი – სამნავიანი ბაზილიკა (X-XIსს), რომელიც სოფლის ზევით, 6 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მონასტერი სამ ეკლესიას აერთიანებს - ღვთისმშობლის სახელობის სამნავიან ბაზილიკას, რომელსაც მიშენებული აქვს წმინდა გიორგისა და დიდმოწამე ბარბარეს სახელობის მცირე ეკლესიები.

 ძეგლიდან 50 მეტრში შემორჩენილია VI-VII სს ეკლესიის ნანგრევები, ასევე გალავნის და კარიბჭის ფრაგმენტები, რაც მიუთითებს, რომ აქ სამონასტრო კომპლექსი იყო.

 ასევე, მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების სამნავიანი ბაზილიკა (VI ს.), სამკარიანის წმინდა გიორგის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკა (VI ს.), ორმოცი მოწამის სახელობის, მთავარანგელოზის, სამების (გვ.შუა საუკ.) წმინდა გიორგის (შუა საუკ.), ნათლისმცემლის სახელობის დიდი და პატარა (შუა საუკ.) ბარბარეს (შუა საუკ.) "ბებრიჭამიას" (ადრეული შუა საუკ.) თამარის ეკლესიები (XIIს), ნათლისმცემლის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი (XIX ს ჭავჭავაზეების საძვალე), მიჯნის საყდარი (შუა საუკ.) და სხვა.

 სოფელი ვაზისუბანი ქალაქ გურჯაანიდან 14 კმ-ით არის დაშორებული.
 

გააზიარე