ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის უძველესი სოფელი ველისციხე გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, უძველესი უბნებით, ისტორიული წარსულით და ღვინის მარნების სიმრავლით, რომლებიც მუნიციპალიტეტში, დღეისთვის, ტურისტული მიზიდულობის ცენტრებს წარმოადგენენ. 

 ველისციხე ქართულ ისტორიულ წყაროებში V საუკუნის მეორე ნახევრიდან მოიხსენიება. „ქართლის ცხოვრებაში”, მე-6 საუკუნის დასაწყისში, ველისციხე მოხსენიებულია, როგორც მნიშვნელოვანი დასახლებული სტრატეგიული პუნქტი, ჰერეთის თავდაცვითი და პოლიტიკური ცენტრი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სოფელი, ჯერ კიდევ წინაქრისტიანულ პერიოდშიც კი, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ადგილი ყოფილა. ასევე, ისტორიული წყაროებით, სოფელი ველისციხე თამარ მეფის ზამთრის რეზიდენცია იყო. 

 სოფლის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს თქმულება, რომლის მიხედვითაც, ყვარლიდან გადმოსულ მონადირეებს ველზე აშენებული ციხე უნახავთ. მოხიბლულან ამ ადგილის სილამაზით, სიმდიდრით, მდებარეობით და საცხოვრებლად ეს ადგილი აურჩევიათ. მას შემდეგ სოფელს ეწოდა ველისციხე. სოფელს კიდევ ერთი ლეგენდა უკავშირდება: თითქოს ველისციხეში ურჩების გასამართლება ხდებოდა, რისთვისაც ციხის ტერიტორიაზე აგებული ყოფილა ეგრეთწოდებული ,,სახრჩობელები“. ბოთლის ფორმის ნანგრევები ახლაც შემორჩენილია. 

ველისციხის ისტორიულ და უძველეს წარსულს მოწმობს სოფლის ისტორიულ-არქიტექტორული ძეგლების სიმრავლეც, საიდანაც აღსანიშნავია არქიტექტურული კომპლექსი (VI-XVIIIსს), რომელშიც შედის ყველაწმინდის უძველესი (VI) სამნავიანი ბაზილიკა, ღვთისმშობლის შობის ტაძარი (XVIIIს) და წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესიები (XVIII), სამრეკლო (XVIIს.), გალავანი (შუა საუკუნეები), აღსანიშნავია ბარბარეს დარბაზული ეკლესია (შუა საუკ), მამისაანთ საყდარი (ადრეული შუა საუკ) და კვირაცხოვლის ეკლესია (ნანგრევი, შუა საუკ). 

 სოფელი ველისციხე ქალაქ გურჯაანიდან 11 კმ-ით არის დაშორებული.

გააზიარე