ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ზეგაანი მდინარე ჭერმისხევის მარჯვენა ნაპირას მდებარეობს. სოფლის ისტორიის შესახებ ცნობები მწირია.

სოფელი ზეგაანი მე-18 საუკუნის შუა წლებამდე ჭერმის ეპარქიაში შედიოდა. 1757 წელს კი მეფე თეიმურაზ II-ის გუჯარით ჭერმის ეპარქია გაუქმდა და ის, ჯანდიერებისეული ადგილ-მამულებით, ნინოწმინდელ მეუფეს, მიტროპოლიტ საბა ტუსიშვილს გადაეცა.

 სოფელი ზეგაანი, არა მხოლოდ კულტურული ძეგლებითა და არქიტექტურული უნიკალურობით გამოირჩევა, არამედ ქართული ღვინის წარმოების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს წარმოადგენს. სწორედ, იმ ქართული ღვინის, რომლის ისტორიაც 8000 წელს ითვლის და რომლის უნიკალურობაც მსოფლიომ ოფიციალურად აღიარა. სწორედ ამ ისტორიული ტრადიციების გამოც იყო, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში სოფელ ზეგაანში ჭავჭავაძეებს ადგილ-მამულებში ღვინო იწარმოებოდა და 1820 წლიდან ღვინის წარმოების ევროპული ტექნოლოგიებიც გამოიყენებოდა, საქართველოში ევროპიდან დაბრუნებული ალექსანდრე ჭავჭავაძის უშუალო მესვეურობითა და მონაწილეობით, რომელმაც იქვე ფრანგული შატოს მსგავსი სამეღვინეო მამული და ბაღი მოაწყო. ეს ადგილი დღეს, ყველასთვის კარგად ცნობილ „შატო ზეგაანს“ წარმოადგენს და ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიზიდულობის წერტილია გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

 სოფელი გამორჩეულია თავისი ისტორიულ-არქიტექტრილი ძეგლებითაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზეგაანის ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსი (VI-VII) , რომელიც ჭერემის წყლის ხეობაში, სოფლიდან 2 კმ-ის დაშორებით, მდებარეობს. კომპლექსში, შედის ყველაწმინდის მონასტერი (სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპისა), დარბაზული ეკლესია (შუა საუკ) და სატრაპეზო. ახლა იქ მამათა მოქმედი მონასტერია. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპლექსის მახლობლად მდებარე ადრექრისტიანული ხანის უმშვენიერესი არქიტექტურული ძეგლი – წმინდა მარინეს მცირე ზომის ეკლესია (Vს.). სხვა ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია წმინდა გიორგის (გვ. შუა საუკუნეები), კვირაცხოვლის და ქაშუეთის ეკლესიები (გვ. შუა საუკ).
 

გააზიარე