ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელი

 ისტორიული სოფელი ბაკურციხე პირველად “ქართლის ცხოვრებაში” (XIIIს) არის მოხსენებული. სოფლის სახელწოდება ბაკურის მიერ აშენებულ ოთხსართულიან ციხეს უკავშირდება, რომლის სამი სართული დღემდეა შემორჩენილი. 

სოფელ ბაკურციხიდან იყო ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი და არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. სოფელში მდებარეობს მისი სახლ-მუზეუმი, რომელსაც რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა. 

 ბაკურციხეში მდებარეობს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მეწარმის, მეცენატის, ქართული კონიაკის ფუძემდებლის – დავით სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი და მარანი, რომელსაც გადმოცემით ხშირად სტუმრობდნენ ილია ჭავჭავაძე და სხვა საზოგადო მოღვაწეები. დავით სარაჯიშვილის სამუზეუმო კომპლექსს - სასტუმრო-მარანს, საცხოვრებელ სახლს, საცავ-მაცივარს რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.

 სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, რასაც მოწმობს არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი ბრინჯაოს ვაზის სასხლავი დანები, ქვევრები, ყორღანი (შუა ბრინჯაოს ხანის – ძვ.წ. II ათასწ.) მასში არსებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ბრინჯაოს სატევრის პირები, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის განძი (ბოლოკვეთილი ბრინჯაოს მახვილები, ცენტრალურ-ამიერკავკასიური ცულები) და სამაროვანი ა.შ.

 არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია წმინდა გიორგისა (გვ შუა საუკ) და ღვთისმშობლის დარბაზული (გვ. შუა საუკ), წმინდა ბარბარეს (გარდამავალი ხანა, განახლებულია 2004-2005 წწ), წმინდა სამების (გვ. შუა საუკ), ეკლესიები და ბაკურის ციხე-კოშკი (გვ. შუა საუკ).

 ბაკურციხე ქალაქ გურჯაანიდან 8 კმ-ით არის დაშორებული. 

გააზიარე