ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის შეხვედრა გაიმართა

2 სექტემბერი, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში რთველის საკოორდინაციო შტაბის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი, ლევან მეხუზლა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი იყო რთველის სუბსიდირების პირობებზე, ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადების რეგულირებისა და მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. როგორც ლევან მეხუზლამ აღნიშნა, სახელმწიფო და კერძო სექტორი აქტიურად თანამშრომლობს, რომ რთველის პროცესი მაქსიმალურად ორგანიზებულად წარიმართოს და მევენახე ფერმერებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც: შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარის ოდენობით.

გააზიარე