ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის ღვინის ფესტივალი

11 ივნისი, 2019

 გურჯაანის ახტალის პარკში, უკვე მეორედ, ღვინის ფესტივალი 2018 გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული ღვინო, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები.

 ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და ხელსაყრელ ფასად შეეძინათ კახური და ევროპული ღვინოები. მათ თავად მიიღეს მონაწილეობა საუკეთესო ღვინოების გამოვლენასა და დაჯილდოებაში. გაიმართა სახალისო შეჯიბრებები და გათამაშებები, რომელში გამარჯვებულებმაც გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიერ სპეციალურად დაწესებული საჩუქრები მიიღეს.

 ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები. სტუმრები თავად გახდნენ ყურძნის დაწურვისა და თათარაობის მონაწილენი.

 ფესტივალში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, რომელთა მიერ შესრულდა არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი, სხვა ქართული პოლიფონიური სიმღერები და ეროვნულ-ქორეოგრაფიული ნომრები. 

დღის ბოლოს ნიაზ დიასამიძის და 33ა-ს კონცერტი გაიმართა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018 ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომლის გენერალური სპონსორი იყო სს "m² უძრავი ქონება“, ხოლო მხარდამჭერები - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი - დავით სონღულაშვილი იყვნენ. 

გააზიარე