ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გეოგრაფია და ბუნება

გურჯაანის მუნიციპალიტეტი კახეთის გეოგრაფიული ცენტრია. მას მდიდარი წარსული აქვს. არქეოლოგიური გათხრები მოწმობენ, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორია უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული. 1965 წელს აღმოჩენილია პირველყოფილი (ქვის ხანის) ადამიანის სადგომი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მჭიდროდ ყოფილა დასახლებული როგორც ბრინჯაოს, ასევე ანტიკურ და ფეოდალურ ხანაში.
გურჯაანის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ თქმულებებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიით, შუა საუკუნეების რუკაზე ახტალასა და ჩუმლაყს შორის აღნიშნულია _ გურემანი. ვარაუდობენ, რომ სწორედ სახელწოდება გურჯაანი უნდა იყოს გურემანის დამახინჯებული ფორმა. სიტყვა ,,გურჯ” თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო ,,გურჯაანი” _ ქართველთა სადგომს.
სხვა ვერსიებით, გურჯაანის ზემოთ, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე მდებარე წყაროსა და ტყეს ,,გაურჯა” ჰქვია. შესაძლებელია, გურჯაანის სახელი აქედან ან პიროვნების გვარ-სახელიდან მომდინარეობდეს.
1917 წლამდე ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია თბილისის გუბერნიის თელავის მაზრის შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო 1917 წლიდან 1921 წლამდე - თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრაში, 1930 წლიდან კი ჯერ კახეთის ოლქს მიაკუთვნეს, შემდეგ დამოუკიდებელი რაიონული ცენტრი და სარკინიგზო კვანძი გახდა. 1934 წლიდან, სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, შეიქმნა ქალაქი გურჯაანი.
კახეთის რეგიონში გურჯაანი ორ დასახლებულ პუნქტს ეწოდება _ ქალაქსა და სოფელს.
ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ვულკანური წარმოშობის კრატერი, საიდანაც ამოდის უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე ტალახი. იგი ცნობილია კურორტ ახტალის სახელწოდებით, რომელიც პირველად ვახუშტი ბაგრატიონმა მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში აღწერა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 400-მდე ისტორიული ძეგლი არსებობს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერ ნოტიო სუბტროპიკულ ჰავის ოლქს. აღმოსავლეთით ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ხანგრძლივი ზაფხული. ივრის ზეგანზეიცის მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით.[1] საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,4 °C, წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრისსაშუალო ტემპერატურაა 0,9 °C, ხოლო ყველაზე ცხელი თვის, აგვისტოსი — 23.6 °C. ნალექების საშუალო წლიური მოცულობა ტერიტორიის დიდ ნაწილში 800 მმ-მდეა, ხოლო ზეგნისკენ 500-600 მმ-მდე მცირდება. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ალაზანი, მცირეწყლიანი მოკლე შენაკადებით (ჭერმისხევი, შრომისხევი, ჩალაუბნისხევი, წილიანა და სხვა).

გააზიარე